ისტორია

ცნობილია, რომ სახელწოდება ,,თიანეთი“ ორი მნიშვნელობით იხმარება: იგი ერთ შემთხვევაში აღნიშნავს გეოგრაფიულ მხარეს, მეორე შემთხვევაში - დასახლებული პუნქტის სახელწოდებას. დაბა ტყიანი გორებით შემოსაზღვრულ მხარეში მდებარეობს,  ამიტომ თავიდან „მთიანეთი“ერქვა,  დროთა ვითარებაში პირველი ასო „მ“ დაიკარგა და მივიღეთ ტოპონიმი „თიანეთი“.

ერწო-თიანეთი მთაგორიანი გეოგრაფიული რეგიონია და სწორედ ეს გეოგრაფიული გარემო უნდა ჩაითვალოს იმის წინაპირობად, რომ აქ ადამიანთა საზოგადოების ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია, რომ: „ვახტანგ გორგასალი თავისი სპით მიადგა მთიანეთს“; „ბაგრატ მეფე დადგა მთიანეთს“; „ბაგრატ IV გარდავიდა მთიანეთს“; „თეიმურაზ პირველი იდგა მთიანეთს“.

თიანეთი უძველესი და დიდი ისტორიის მქონე რაიონი რომ არის, ამას ივრის ხეობაში არსებული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლები მოწმობს. შედარებით ადრინდელი ძეგლებიდან შეიძლება გამოიყოს სიონის და ჟალეთის სამნავიანი ბაზილიკები, რომლებიც შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან ძეგლებს წარმოადგენენ.სიონის ეკლესია ქართული არქიტექტურის განვითარების ადრეულ ეტაპს მიეკუთვნება; ჟალეთის ბაზილიკა, რომელიც თბილისიდან თიანეთში მომავალი გზის ახლოს მდებარეობს, ისტორიკოსების აზრით, IX საუკუნეშია აგებული.

წმ. მეფე არჩილის მონასტერი VIII საუკუნის ძეგლია, რომელიც ქართლის მეფე არჩილ მეორის მიერაა აგებული. სამონასტრო კომპლექსი შედგება ორი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის, კოშკის, მარნის, ბერების სამყოფი ნაგებობის და გალავნისაგან. აქ განისვენებს ქრისტიანობისა და სამშობლოსათვის წამებული წმ. მეფე არჩილ II. არჩილის მონასტერში დღესაც გრძელდება მონასტრული ცხოვრება.


თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით