გეოგრაფიული მდებარეობა

თიანეთის მუნიციპალიტეტი მიეკუთვნება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთს. დაბა თიანეთი მდებარეობს ზღვის დონიდან 1100 მ. სიმაღლეზე.მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება დუშეთის, აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ახმეტის, ხოლო სამხრეთიდან მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. დაბა თიანეთი თბილისიდან დაშორებულია 65 კმ-ით,ხოლო მცხეთიდან 42 კმ-ით. მუნიციპალიტეტი შედგება 2 დაბისა და 87 სოფლისგან,რომლებიც გაერთიანებულია თვითმმართველობის 12 ადმინისტრაციულ ერთეულში.

თიანეთს მუნიციპალიტეტს აქვს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი, მას მხოლოდ სამხრეთ ნაწილში უკავია ვაკეების მცირე ფართობები, კერძოდ, ესენია: ერწო-თიანეთისა და სიონის ვაკეები, რომლებიც ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ.

თიანეთის მთავარი მდინარეა იორი, იგი სათავეს 2800 მეტრის სიმაღლიდან ბორბალოს მთიდან იღებს, მისი შენაკადებია: მდ. ხაშრულა, საგამი, ქუსნო და სხვა მდინარეები. მდ.იორი და მისი შენაკადები თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობენ.

მდ.იორი

საქართველოს ნიადაგურ-გეოგრაფიული რელიეფის მიხედვით,თიანეთის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ გავრცელებულია მცენარეთა ყველა ის სახე, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში ხარობს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ამ მხარეში მოსახლეობას საშუალება მიეცა, მიწათმოქმედება და  მეცხოველეობა განევითარებინა.

საშემოდგომო თავთავიანი კულტურების თესვა


თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით