მთავარი გვერდი
ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია- ინტერვიუ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან სიმონიანთხევის, ნაქალაქრის, ახალსოფლის და ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულებში 10 ივნ, 2016
ვაგრძელებთ გაზეთის წინა ნომერში დაწყებულ გამგებლის წარმომადგენლებთან ჩაწერილი საუბრების შემოთავაზებას. ჩვენი კითხვები შეეხებოდა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს, მცირემიწიან ფერმერთა დასახმარებლად შექმნილი ვაუჩერების სისტემის მუშაობის შედეგებს, სოფლის პრობლემებსა და მიღწევებს.



გამგებლის წარმომადგენელი სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულში კობა ბიჭინაშვილი:



“ სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 სოფელი შედის. გასულ წელს ჩვენთან 8 პროექტი განხორციელდა. ცალუღელაანთკარსა და თოლენჯის ნაწილში განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები - ჭაბურღილები დაქსელვით. ამ ორ სოფელს აქამდე არც წყალი დ არც მისი ქონის რაიმე რეზერვი, რესურსი თუ დებეტი არ ჰქონია. თითოეული ჭაბურღილი 130 000 ლარი დაჯდა. პროექტმა კი უზრუნველყო ორ სოფელში წყლის 100%-იანი 24 საათიანი მიწოდება უმაღლესი ხარისხის ქსელით.

ამის გარდა, წყალომომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად მივმართეთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები თოლენჯში, სიმონიანთხევში, გორანასა და ჭანდრისხევში. ამით დასრულდა გასულ წლებში დაწყებული ეს პროექტები. ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში წყალთან დაკავშირებული პრობლემა გვრჩება მხოლოდ ჭანდრისხევში, სადაც ხევში გადის წყალგაყვანილობის მილი. წელს მისი დაზღვევა უნდა გაკეთდეს გაბიონებით, რომ წყალმა სისტემა არ დაგვიზიანოს.

შარშან ცალუღელაანთკარში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დავიწყეთ ბოგირის მშენებლობა, რომელიც წელს დასრულდება. ამავე პროგრამის თანხებით ძალიან ხარისხიანად შემოვღობეთ სოფელ ნადოკრის სასაფლაო.

საკმაოდ ცუდად არის ჩვენთნ გზების საქმე, რაზეც, შეიძლება ითქვას, ყოველდღე ვმუშაობთ. გვაქვს სურვილი და ამბიცია, გვქონდეს მოასფალტებული გზა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ვეძებთ საშუალებებს. მელიასხევსა და ცალუღელაანთკარში წყალგაყვანილობის დაქსელვისას, სამწუხაროდ, ძალიან დაზიანდა გზები. წელს მელიასხევის გზის შეხრეშვას ვგეგმავთ. ცალუღელაანთკარში ჯერ ბოგირი გვაქვს გასაკეთებელი და ამიტომ ვერ ვხრეშავთ. თუ ხანგრძლივი წვიმები და ტალახია, შეიძლება ამ სოფლებამდე მანქანით მისვლა გაჭირდეს, სხვაგან ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს.

ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულსა და ზარიძეებს, როგორც ქვემო და ზემო ზონებში ყველაზე დიდი მოსახნავი ფართობის მქონეებს, გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულებები სოფლის მეურნეობის შესაბამის სააგენტოსთან და საგაზაფხულოდ უკვე 350 ჰექტარზე მეტი მოიხნა, რაც საერთო მოსახნავი ფართობის ნახევარზე მეტია. (გაცილებით მეტი, ვიდრე გასულ წელს). ხელი იმანაც შეგვიწყო, რომ ჩვენთან ბევრია კერძო ტექნიკა. 7 მექანიზატორთან გავაფორმეთ ხელშეკრულებები და მოხვნის მსურველთან, ფაქტიურად, 15 წუთში მოდიოდა ტრაქტორი. კერძო სექტორში არის მიწის დასამუშავებელი ბევრი და ხარისხიანი დანარჩენი ტექნიკაც, ისე, რომ ფასში და ხარისხში შიდაკონკურენციაც კი არის. ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში სიმინდს, ლობიოსა და სხვა კულტურებს, ძირითადად, მექანიზებულად ვამუშავებთ და თოხს ნაკლებად თუ ვინმე იყენებს. 500-დან 70 ჰა-ზე დათესილია ხორბალი.

წელს დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი - სოფელ ნადოკრაში საბავშვო ბაღის აშენება. ტენდერი ჩატარებულია და სამუშაოები დღე დღეზე დაიწყება. ჯერ მშენებლობისას დასაქმდებიან ადგილობრივი კადრები, შემდეგ კი -უკვე გახსნილ ბაღში, რომელშიც, მაქსიმუმ, 16 ბავშვი შევა გორანიდან, ნადოკრიდან, სიონთგორიდან და ბალებისხევიდანაც. ეს არის 140-150 000 ლარიანი პროექტი. ამგვარი პროექტები თითქმის ყველა სოფელში განვახორციელეთ, სიმონიანთხევისა და გორანის გარდა.

ვფიქრობთ, წელს უნდა დასრულდეს საჭიდაო არენის მოწყობა. ჩვენი მიმართვა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიმართ სოფელ სიმონიანთხევში მისი გახსნის შესახებ განხილვის პროცესშია და დიდი იმედია, `ქართუ ჯგუფის~ საჩუქარი, როგორიც ზემო ზონაზე, `კუჟბაღშია~, ქვემო ზონაზეც გვექნება.

რაც შეეხება ჩვენთვის ესოდენ მტკივნეულ გზების საკითხს, ამ თემას მხოლოდ ლოკალურად არ განვიხილავთ. არის იდეა, რომ ჩავჯდეთ საერთო სისტემაში, გზას მიეცეს რესპუბლიკური სტატუსი. ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს გზა ბულაჩაური-საგარეჯოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი გახდეს. დასაგებია სულ 19კმ და 100 მ ასფალტი. სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეების შეთანხმება, რაზეც უკვე ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, წელს წარმატებით დავასრულებთ.

მწვავედ გვიდგას დასაქმების პრობლემა. წინა წლებში ბევრი ადამიანი თავს ტყით ირჩენდა. ახლა, კანონის გამკაცრების გამო, დარჩნენ საქმის და, შესაბამისად, შემოსავლის გარეშე. სამაგიეროდ, ტყე, რომელმაც ბევრი ადამიანის ოჯახი გადაარჩინა, აღდგება. თუმცა, მოსახლეობის უკმაყოფილებას ყველაზე მეტად უმუშევრობა იწვევს.

უკმაყოფილებას იწვევს სოციალური დახმარების მოხსნის ერთეული შემთხვევები, ძირითადად, პენსიონერებში, რომელთათვისაც ძნელი გასაგებია მომატებული პენსიების ფონზე, შეფასების ახალი სისტემითა და რეგულაციებით რატომ აღარ იღებენ დახმარებას, რადგან გაძვირებულ წამლებს მომატებული პენსიაც კი არ ჰყოფნის.“



გამგებლის წარმომადგენელი ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში ლია დორეული:



“ ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში 7 სოფელია. მაგრანეთში 2015 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გავაკეთეთ წყლის ცენტრალური მაგისტრალი. იყო ერთი უბანი, რომელსაც საბჭოთა პერიოდიდან არ მიეწოდებოდა წყალი. სწორედ იქ გაკეთდა დაქსელვა, მიუერთდა ცენტრალურ სათავე ნაგებობას და 14 ოჯახი, რომელსაც წლების განმავლობაში წყალი არ ჰქონია, დღეს წყლით უზრუნველყოფილია.

გასულ წელსვე მაგრანეთში სახელმწიფო დაფინანსებით გაკეთდა 1 ხიდი. წელს დაწყებულია და დაახლოებით ორ თვეში დასრულდება მე-2 ხიდი, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული და უბედური შემთხვევაც კი მოხდა. ახლა უსაფრთხოა და მისი საშუალებით მოკლე გზით ვუკავშირდებით თბილისი-თიანეთის გზის საბადურის მონაკვეთს.

ზემო ნაქალაქარში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შევიძინეთ და დავასაწყობეთ მილები, რადგან თანხა არ გვყოფნიდა საქმის ბოლომდე მისაყვანად. წელს უკვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით გაკეთდება არხები და ჩაეწყობა მილები.

ქვემო ნაქალაქარში მოსახლეობის სურვილით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შეიხრეშა გზა.

ბეწენწურებში დაწყებული იყო წყლის სისტემის რეაბილიტაცია. არ იყო შესაბამისი ხარისხის სათავე ნაგებობა, რომელიც შარშან გავაკეთეთ, მისგან გამომავალი მილებით, მარეგულირებელი ზიარჭურჭლებით და შევუერთეთ ცენტრალურ მაგისტრალს.

მოუწესრიგებელი სათვე ნაგებობა იყო დორეულებშიც. გამომდინარე წყალი ფერდობზე იღვრებოდა და აკლდებოდა სოფელს, სადაც ისედაც წყაროების სიმწირეა. გაკეთდა კაპიტალური სათავე ნაგებობა, შეიკრიბა პატარ-პატარა მონაკვეთები, საიდანაც წყალი იკარგებოდა და მიუერთდა ცენტრალურ მაგისტრალს. წელს ვვარაუდობთ, გავაკეთოთ შიდა დაქსელვა, რათა წყალი მთელ სოფელს მიეწოდოს და არა მხოლოდ 80%-ს, როგორც ახლა ხდება.

სათავე ნაგებობა საერთოდ არ ჰქონდა სოფელ ზურაბებს. შარშანდელი თანხით გავაკეთეთ კაპიტალური სათავე ნაგებობა, რომელიც მიუერთდა ცენტრალურ მაგისტრალს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ვეძათხევაზეც გასულ წელს დაიწყო წყლის სისტემის რეაბილიტაცია. დაიქსელა ცენტრალური მაგისტრალი. რაკი თანხა მთლიან რეაბილიტაციას არ ჰყოფნის, ნაწილ-ნაწილ მოვყვებით. წელსაც ამავე პრობლემაზე ვიმუშავებთ. გაგრძელდება შიდა დაქსელვა და წყალი ვისაც არ ჰქონდა, უკვე იმათაც ექნებათ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დორეულები-ხევსოფლის გზის 21-27-ე კმ-ის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ხდება ძველი ასფალტის აყრა და ახლის დაგება, რისთვისაც ტენდერით დაახლოებით 2 მილიონამდე ლარი იყო გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხელშეკრულების მიხედვით, ეს პროექტი აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.

ხვნისა და აგრობარათებით სახელმწიფოს დახმარებამ ნამდვილად შეუწყო ხელი მიწის დამუშავებას. წელს დაგვეხმარა დუშეთის ტექნიკაც, რამაც პროცესი უფრო დააჩქარა და მსურველთა 90%-ს უკვე დამუშავებული აქვს მიწა, რაც მთლიანობაში დასამუშავებელი ფართის 70%-ზე მეტია.

2015 წელს ნაწილობრივ გარემონტდა ნაქალაქრის საჯარო სკოლა, 2016 წელს კი დაგეგმილია საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი.“



გამგებლის წარმომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი ჯიმშიტაშვილი:



“ ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კაწალოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შარშან გაკეთდა რკინის კონსტრუქციის საცალფეხო ხიდი, ხის ფიცარნაგით.

ჭიაურისა და ხაიშოს თანხები მთლიანად მივმართეთ ახალსოფლის სარიტუალო დარბაზის მშენებლობაზე, რომელიც უკვე ჭერქვეშ მოვაქციეთ. წელს შევასრულებთ შიდა და გარე კოსმეტიკურ სამუშაოებს. მას სამი წელი შევალიეთ და წელს დასრულდება თუ არა, ამის თქმა მიჭირს.

ჩაბანოში გაკეთდა სასმელი წყლის მაგისტრალი 760 მეტრზე. წყალი გვქონდა, მაგრამ ბევრი დანაკარგი იყო და ეს პრობლემა გადავჭერით. მთლიანად შევცვალეთ სათავე ნაგებობა, რადგან, როგორც კი წყალი ადიდდებოდა, მილებს ხეთქავდა. ახლა ის 2 მ-მდე სიღრმეში მოვათავსეთ. დღეისათვის უკვე საკმარისზე მეტი წყალი გვაქვს, თუმცა, მთელი წნევით ვერ ვუშვებთ, რადგან ძველი მილი, რომელიც 2009 წელს არის გაკეთებული, ძალიან სუსტია, ხშირად ზიანდება და დაახლოებით 800 მეტრი (ჩაბანოდან ახალსოფლამდე) უნდა ამოვცვალოთ.

გოჯიაანებში გავაკეთეთ ახალი სათავე ნაგებობა. მარაგს წელს დაემატა დებეტი ჟებოტის ახალი წყალსადენიდან. წყალი ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულის ყველა სოფელს 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.

ჩაბანოდან ჭიაურამდე სახელმწიფო დაფინანსებით გაკეთდა 3 კილომეტრიანი გზა. სხვა გზები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში გვაქვს. მალე დაიწყება ლელოვანი-ჭიაურის 56 კმ-იანი კაპიტალური გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებზეც გაივლის.

2 ბაღი ჩაბანოსა და ახალსოფელში აღარ ექვემდებარება მიმდინარე რემონტს, წელს მათ ჩუტარდებათ კაპიტალური რემონტი. ტენდერი უკვე დასრულებულია და მალე სამუშაოები დაიწყება.

გარკვეული ფულადი შემწეობითაც ისარგებლეს ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებმა. გაიცა ერთჯერადი ფულადი, ახალშობილზე გამოყოფილი და საყოველთაო დაზღვევის პროგრამით დაფინანსებული ოპერაციების თანადაფინანსების ნაწილში დახმარებები.

მოხნულია დასამუშავებელი ფართის ნახევარზე ნაკლები. ბერმა დააბრუნა უკან მოხვნის ბარათი. შემოდგომაზე ტექნიკის მხრივ ცოტა გაჭირდა და შეიძლება მიზეზი ესეც იყოს.“



გამგებლის წარმომადგენელი ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში ნატო სუარიშვილი:



“ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 11 სოფლიდან ერთი - ივლიანთგორი - დაუსახლებელია. ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენთან ბევრი რამ გაკეთდა. თამამად შემიძლია ვთქვა, ბედნიერი ვარ, რომ ამ საკრებულოში მიწევს მუშაობა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახალი რეაბილიტირებული სკოლა თავისი სპორტული მოედნით.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხებით, ძირითადად, მოვხრეშეთ გზები, მოვაწესრიგეთ წყალგაყვანილობის სისტემები. ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 6 სოფელში მთლიანად შეიცვალა წყალგაყვანილობის სისტემები, გაკეთდა ახალი სათავე ნაგებობა. თითქმის ყველა ოჯახშია გაზი. თუმცა, წყლისა და გაზის გაყვანის სამუშაოებმა გამოიწვია გზების დაზიანება, ამის გამო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა ძირითადად გზების მოწესრიგებას მოხმარდა - მოიხრეშა შიდა გზები. ვმუშაობთ სანიაღვრე არხების მოწყობაზე, რომელთა უქონლობაც უხვი ნალექისას ეზოების დატბორვის საფრთხეს ქმნის.

ადმინისტრაციული ცენტრიდან საკმაოდ შორს მყოფ სოფელ შარახევში გზა ლამის დანარჩენ სოფლებზე უკეთესია და წყალგაყვანილობის სისტემაც გასულ წელს შევცვალეთ. გაკეთდა რკინა-ბეტონის ფილაქნის ორი ბოგირი, რაც ნებისმიერ ამინდში სოფელში მისვლის საშუალებას იძლევა. გასულ წელს დაგეგმეს და წელს შეიძინეს სარიტუალო დარბაზისთვის ინვენტარი 150 კაცზე. წელს თავისი სურვილით მოტობლოკს შეიძენენ.

შესაკეთებელი გვაქვს ზენამხართან მისასვლელი გზა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სამი წლის რესურსები უკვე მივმართეთ ამ გზის მოსაწესრიგებლად.

დაწყებულია და წელს დასრულდება ზარიძეების სარიტუალო დარბაზი. ჭურჭელიც გვაქვს, შესაძენია მხოლოდ ინვენტარი. გაჩნდება 2-3 სამუშაო ადგილი. გაერთიანებული ძალებით შენდება ჯიჯეთ-ვერხვლის სარიტუალო დარბაზიც.

სახელმწიფო დაფინანსებით გაკეთდა ახალი სათავე ნაგებობა, რომელიც შემდეგ სტიქიისას მეწყერმა მთლიანად დაფარა. წელს დასრულდა მეწყერსაწინააღნდეგო კედლის მშენებლობა, რომელიც 211 000 ლარზე მეტი დაჯდა.

წელს რაკი ჯიჯეთ-ვერხვლის თანხა სარიტუალო დარბაზის მშენებლობისკენ წარიმართა, კვლავ სავალალო მდგომარეობაში დარჩა ამ სოფლებისკენ მიმავალი გზა, რომელიც წყლის სათავე ნაგებობის გამაგრებაზე მომუშავე მძიმე ტექნიკამ უფრო მეტად დააზიანა. ახლა იმ ნაშთებით, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამებიდან დარჩა, იგეგმება ამ გზის დაგრეიდერება და შეხრეშვა.

მცირემიწიან ფერმერთა დასახმარებლად შექმნილმა ვაუჩერების სისტემამ საგრძნობლად გააუმჯობესა სიტუაცია. ყოველ წელს მეტი იხვნება. ჩემთვის რაც ყველაზე სასიხარულოა, ხორბლის თესვაზე ჯერ 10-16 ჰა-მდე ავედით, შემდეგ კი 32-35-ზე. გვაქვს ჩვენი ხორბალი, ვუნაწილებთ მეზობლებსაც და ახლა მისი მოყვანით უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული. არ გვექმნება პრობლემა მოსავლის აღებისას. გამოძახებისთანავე გამოგვიგზავნეს კომბაინი. ხვნის დროს შპს “მექანიზატორის“ მიერ 12 საკრებულოს ტრაქტორებით დაკმაყოფილება ჭირდა. ახლა ჩვენ გვაქვს 8 ტრაქტორიანი საკუთარი პარკი, სადაც მუშაობენ ადგილობრივი მექანიზატორები. შემოდგომაზე მოიხნა 70 ჰა, საგაზაფხულოდ მოხნულია 150 ჰა -მდე.

პრობლემა, რაც ხალხს ძალიან აწუხებს, არის ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამო მიწების დარეგისტრირების გაძნელება. კარგია, რომ ახალი კანონი ამ პროცედურას გაამარტივებს.

როგორც ყველგან, ჩვენთანაც საკმაოდ მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა. ძალიან მაწუხებს ის, რომ არის ავარიული სახლები და მოსახლეობა, ხის მასალის ძნელად მისაწვდომობის გამო, ვერც თავად ჭრის ამ პრობლემას და ვერც ჩვენ ვეხმარებით.

საჭირბოროტოა სოციალური დახმარების დანიშვნა. ადამიანები თითქოს სამუშაოსაც კი არ ეძებენ, რომ დახმარება არ მოუხსნან. არც ის მომწონს, ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს დამუშავებული, დახმარება რომ არ ეძლევა. ჩემი აზრით, იმას უნდა უხსნიდნენ, ან არ აძლევდნენ, ვისაც შეუძლია და მიწას არ ამუშავებს. უკმაყოფილებას იწვევს დახმარების მინიჭების მექანიზმიც (ფორმულა), რაზე ზემოქმედებაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია”



ინგა ჩიტაური

გაზეთი “თიანეთის მომავალი“ #31
საქველმოქმედო აქცია თიანეთში 15 ნოე, 2016
14 ნოემბერს, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.(ა).ი.პ ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 3 აგვ, 2016
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ...
თიანეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან 6 ივლ, 2016
5 ივლისს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. დაზარალებულია სინომიანთხევის, ღულელების, ხევსურთსოფლისა და ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბიზნესის წამოწყების მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ ⬇ ⬇ 29 ივნ, 2016
27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოფიციალური ვიზიტით ქ.კიევში იმყოფებოდა 24 ივნ, 2016
✈ 21-23 ივნისს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი უკრაინის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ლელა ქართველ ...
თიანეთში ველოტური გაიმართება 23 ივნ, 2016
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანელი ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებისთვის 21 ივნ, 2016
21 ივნისს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, თიანელი ახალგაზრდებისთვის მარათონი გაიმართა. ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს 14 ივნ, 2016
სურსათის ეროვნული სააგენტო თიანეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს სინჯების ...
ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია- ინტერვიუ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან 10 ივნ, 2016
“სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერიაო“, - ამბობს ქართული ანდაზა. თუ ამ ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, აზრს და აქტუალობას მაინც დაკარგავს, რადგან გონიერმა კაცმა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით