მთავარი გვერდი
ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია- ინტერვიუ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან 10 ივნ, 2016
“სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერიაო“, - ამბობს ქართული ანდაზა. თუ ამ ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, აზრს და აქტუალობას მაინც დაკარგავს, რადგან გონიერმა კაცმა ყოველთვის იცის, რომ წელღონიერი სოფელი ქვეყანას საიმედოდ შეეხიდება და თუ საჭირო გახდა, გადაარჩენს კიდეც. თუ გონიერ კაცთაგან შემდგარი ხელისუფლება ამ ყველაფერს გაითავისებს, სოფელს და გლეხკაცს საჭირო დახმარებას გაუწევს და ჯეროვნად დააფასებს, ნაყოფს ერთიასად და ათასად მოიმკის.

რამდენიმე წელია, ჩვენი მთავრობის ინიციატივითა და დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, სოფლის გასაძლიერებლად რიგი პროექტები ხორციელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და ხვნის ვაუჩერებითა და აგრობარათებით ფერმერთა დახმარება ის აქტივობებია, რომლებით სარგებლობაც სოფლის ყველა მოსახლეს ხვდება წილად.

ჩვენი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად თვალი გადავავლეთ გასულ და მიმდინარე წელს სოფლებში განხორციელებულ პროექტებს და ვფიქრობთ, შედეგები არცთუ ურიგოა, მითუმეტეს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არ ითვალისწინებს დიდი რაოდენობით თანხების გამოყოფას.

თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების პრობლემებსა და მიღწევებზე, იქ განხორციელებულ, მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე გვესაუბრნენ:



გამგებლის წარმომადგენელი ჩეკურაანთგორის ადმინისტრაციულ ერთეულში, გელა ოთარაშვილი:



“ ყველაზე მთავარი, რაც ევჟენტში გაკეთდა, ჩეკურაანთგორისა და ევჟენტის დამაკავშირებელი ხიდის აშენებაა. ეს 80 000 ლარის ღირებულების პროექტი რეგიონული განვითარების სამინისტროს დახმარებით განხორციელდა. მან მოხსნა ჩეკურაანთგორიდან ევჟენტში, (განსაკუთრებით წვიმისა და წყალდიდობისას), გადაადგილების პრობლემა. ამ მიმართულებით მოძრაობას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოძიებული სახსრებით შეიხრეშა ცენტრალური მაგისტრალიდან ევჟენტისკენ მიმავალი გზის 1,8კმ, დარჩენილია 1,7 კმ, რომელიც, დიდი იმედია, რომ წელს შეიხრეშება. ამ პრობლემის გადაჭრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თიანეთში ეს არის ერთადერთი სოფელი, რომელიც ზამთარსა და უამინდობაში მოწყვეტილია დაბასაც და სხვა რეგიონებსაც.

შარშან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა ევჟენტმა გააერთიანა ჩეკურაანთგორთან, ველებთან და ძირხვნიანთან. ამ თანხით შევიძინეთ ორხიდიანი 14 400 ლარის ღირებულების ტრაქტორი, რომელსაც შეუძლია თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულება საკარმიდამო ნაკვეთებში. ვეძებთ აგრეგატების შესაძენ თანხასაც (რომელიც, სამწუხაროდ, აღარ დაგვრჩა), რათა ეს ტექნიკა დროულად ჩადგეს აღნიშნული სოფლების სამსახურში. ევჟენტში სოფლის დახმარების პროგრამით წელს წყლის გამოყვანა იგეგმება. სოფლის ორი უბნიდან ერთის მცხოვრებთ, წლებია, სასმელი წყლის ზიდვა ხელით უწევს. მოვიძიეთ წყლის დებეტი, გაკეთდება სათავე ნაგებობა, არსებობს მილები, რომელზეც მოხდება დაერთება და უკვე ზაფხულის მიწურულისთვის მთელი სოფელი მიიღებს სასმელ წყალს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით გასულ წელს ჩეკურაანთგორში შევღობეთ სასაფლაოს ნაწილი (რასაც თანხა ეყო). წელს ამ სოფელში ვგეგმავთ შიდა გზების მოხრეშვას, რათა სოფელში აღარ იყოს ადგილი და მოსახლე, სადამდეც მანქანა, (თუნდაც სასწრაფო დახმარებისა), ვერ მივა.

სოფელ ველებს წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სურს სოფლის შიდა ბუნებრივი წყაროების სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მოწესრიგება.

ალოტში არის წყალგაყვანილობის სისტემის ძველი ქსელი. წელს, რამდენადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა ეყოფა, ქსელი გაახლდება – იგეგმება 400-500 მეტრი სიგრძის ძველი მილების შეცვლა, რაც მოიტანს წყლის დანაკარგის შეწყვეტას. ჩვენი ძალებით შევაკეთებთ ძველ სათავო ნაგებობასაც და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფლის წყალმომარაგება. აქამდე ალოტს ამ კუთხით პრობლემა არ ჰქონია. იყო რამდენიმე ოჯახი, რომელთაც შარშან და შარშანწინ სოფლის ხარდაჭერის პროგრამით შეძენილი 500 მეტრი მილების დამატებით წყალი მივუყვანეთ. მაგრამ შარშან ალოტში რეგიონული განვითარების სამინისტროს დახმარებით 150 000 ლარიანი პროექტი განხორციელდა, 4 კმ სიგრძის ახალი ქსელი და სათავე ნაგებობა გაკეთდა. ახლა, არსებულ ძველსაც რომ შევაკეთებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოფელი 24 საათის განმავლობაში 100%-ით მომარაგდება წყლით. ბოკონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი შარშანდელი და წლევანდელი თანხები მიმართულია მაგისტრალიდან სოფლისკენ მიმავალი გზის მოხრეშვაზე. რასაც თანხა ეყო, შარშან ის ნაწილი საკმაოდ კარგად შევაკეთეთ, (დაახლოებით 440 მეტრი), წელს გავაგრძელებთ და გავაკეთებთ იმდენს, რასაც გამოყოფილი თანხა გასწვდება (დაახლოებით 600-700 მეტრი მთლიანობაში).“



გამგებლის წარმომადგენელი სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახაბერ კუჭავა:



“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა, არის სიონი-სასადილოს რკინა-ბეტონის გზა. ეს პროექტი, სხვა სიკეთესთან ერთად, ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას. გაკეთდა სიონი-ზურაბების გზის 7 კმ-იანი მონაკვეთი. სიონში შევხრეშეთ სასაფლაოს გზა, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შარშან დავიწყეთ სარიტუალო დარბაზის მშენებლობა, რაც გაგრძელდება წელს და ალბათ გადახურვასაც მოვახერხებთ. პროექტი მომავალ წელს დასრულდება.

სოფელ ორხევში პროგრამის შარშანდელი თანხით ნაყიდი გვაქვს 3,5 კმ სიგრძის მილი, წლევანდელი თანხით მიწა გაითხრება, მილი ჩაიდება და სოფელს წყლის მიწოდების პრობლემა მოეხსნება.

ბადაანში ფაქტიურად, ტრანსპორტი ვერ მიდიოდა. სოფელი საკმაოდ მაღლაა და მაგისტრალიდან დაახლოებით 10,5 კმ-ით არის დაშორებული. მასთან მიმავალი გზა ტყით დაფარული და ნიაღვრისგან ჩაჭრილი იყო. ჩვენ შევძელით ამ გზის გაყვანა და წელს ალბათ შევხრეშავთ.

შარშანდელი პროგრამის თანხით საჯინიბოში სარიტუალო ინვენტარი შევიძინეთ. წელს გვინდა წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია - აღდგენას ვუპირებთ სამ ბასეინს.

ყუდროშიც შარშან სარიტუალო ინვენტარის შესანახი დარბაზი გავაკეთეთ. შეძენილი მასალით აღვადგინეთ ინვენტარი.

წყლის პრობლემა მოგვარებულია ფიჭვიანში. შარშან ქვემოთ მოვაწყვეთ წყარო, შევიძინეთ ამქაჩი მოტორი, სოფლის თავში გავაკეთეთ ბასეინი, საიდან აქაჩული წყალიც მიეწოდება სოფელს. წელს დაგეგმილი გვაქვს სასაფლაოსკენ მიმავალი გზის მშენებლობა.

შარშანდელი პროგრამის ფარგლებში ახალი წყაროების დამატებით მოვაგვარეთ წყლის პრობლემა ომარაულებში. გვალვებში ცოტა ჭირს, მაგრამ სხვა დროს სოფელს წყალი მიეწოდება.

ბოჭორმაში წყლის მარაგი გავზარდეთ 16-დან 48 ტონამდე, რაც მოხდა 2 ბასეინის დამატებით, რომლებიც ავიტანეთ ცოტა მაღალ ადგილას. შედეგად, წყლის წნევამ საგრძნობლად მოიმატა. წლევანდელი პროგრამის თანხით ვგეგმავთ მარაგისთვის წყაროების დამატებას, რათა შემოდინება მეტი იყოს და 48 ტონა შეივსოს.

შეიხრეშა სოფელ გრძელველისკენ მიმავალი გზა.

გეგმაში გვაქვს და მალე დაიწყება სიონში წყალგაყვანილობის მონაკვეთის ნახევრის მოწესრიგება. ამოიცვლება დაზიანებული უბნები, რაც დააზღვევს სოფლის არსებულ წყალმომარაგების სისტემებს წყლის მარაგის დაკარგვისაგან.

სექტემბრამდე სიონში დასრულდება საბავშვო ბაღის მშენებლობა. ახლა ველოდებით სიონის გაზიფიცირების საკითხის დადებითად გადაწყვეტას. სავარაუდოდ, წელს გავაკეთებთ სოფელში შემოსასვლელ 900 მეტრიანი გზის მონაკვეთსაც, რითაც შეიკვრება წრე, რომელიც მაგისტრალს სიონთან დააკავშირებს მოასფალტებული გზით.

ადგილობრივი ძალებით ვასუფთავებთ დაბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. გასულ წელს სიონში ტურისტთა უპრეცედენტო როდენობა დაფიქსირდა. ველოდებით, რომ წელს ახალი, სიონი-სასადილოს გზის მეოხებით კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი გვეყოლება, განსაკუთრებით, კახეთიდან. თვით სიონის მცხოვრებნიც ცდილობენ დაბის მოწესრიგებას. დამსვენებლები ხშირად ჩივიან სისუფთავეზე, მაგრამ კარგი იქნება, თუ პირველ რიგში თვითონ დაიცავენ მას, მითუმეტეს, რომ დადგმულია ბუნკერები.“



გამგებლის წარმომადგენელი დაბა თიანეთში, გია მოსახლიშვილი:



“ გასულ და მიმდინარე წლებში ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში რამდენიმე საინტერსო პროექტი განხორციელდა და ხორციელდება.

თეთრახევაზე მთავარი პრობლემა უწყლობა იყო. შარაშან სოფლის მხარდაჭერის პრგრამით გამოყოფილი თანხით მოეწყო სასმელი წყლის კაპიტალური სათავე ნაგებობა. 180 მეტრზე ჩალაგდა მილები, ანუ იმდენზე, რამდენზეც თანხა გასწვდა. დღეს ეს პროექტი გაჩერებულია, წყალი იღვრება, თუმცა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მილი სავსეა და მალე სოფელს საკმაოდ ბევრი წყალი შეემატება. წელს ვფიქრობთ, დავასრულოთ წყლის არსებულ, კარგად გაკეთებულ სისტემამდე მიყვანა, შემკრები ბასეინის გაკეთება და დაერთება. იმედი გვაქვს, რომ ამით თეთრახევაზე წყლის პრობლემა მოგვარდება.

ჭურჭელაურების მცხოვრებთ მიწის სავარგულები დაბისკენ მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვთ. როდესაც მომთაბარე პირუტყვის გადარეკვა ხდება, სავარგულები ხშირად ნადგურდება, ამიტომ ვეღარ ამუშავებდნენ ნაკვეთებს, ან დაგვიანებით ამუშავებდნენ და მოსავალს ვეღარ იღებდნენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით გადაწყვიტეს გზის მხარის ერთიანი მავთულხლართით შეღობვა და სავარგულების დაცვა. შედეგი უკვე გვაქვს, - სავარგულების უმეტესობა შემოდგომაზევე მოიხნა.

წელს სოფელში ფიქრობენ რიტუალებისათვის საჭირო ჭურჭლის შესანახი ნაგებობის მოწყობას. არსებული სათავსო პატარაა, უნდათ, რომ გაადიდონ, გააგრძელონ წინა მხარე და შეძლებისდაგვარად სარიტუალოდაც გამოიყენონ.

მამადაანებში გასულ წლებში დაიწყო სარიტუალო დარბაზის მშენებლობა, რომელიც წელს გაგრძელდება. ესაჭიროება კარებების შებმა და კოსმეტიკური რემონტი, რაც ალბათ მომავალ წელს დასრულდება. ჭურჭელი და სხვა ინვენტარი ამავე პროგრამის თანხით უკვე ნაყიდი აქვთ.

საჭურეში მუდმივად არავინ ცხოვრობს, მაგრამ აქვთ მამა-პაპისეული სახლები და მიწის ნაკვეთები. შარშან სოფლამდე ძალიან კარგი გზა გაკეთდა. წელს წყლის გამოყვანა უნდათ ბუნებრივი სათავიდან. დაახლოებით 1კმ მანძილში ჩაიყრება მილები და წყალი სოფლის ცენტრში ამოვა. აქაურები ძალიან დაინტერესებულნი და მონდომებულნი არიან. გამოყოფილი თანახა მილებს ეყოფა და მზად არიან, დანარჩენი სამუშაოები თვითონ შეასრულონ.“



გამგებლის წარმომადგენელი ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულში, მანუჩარ გოგოჭური:



“გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ოთხივე სოფლის თანხებით გავაგრძელეთ 2013 წელს დაწყებული სარიტუალო დარბაზის მშენებლობა. გვიკლია მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვა და ჭურჭლის შეძენა, რაც წლევანდელი თანხით მოხდება.

გასულ წელს გაიწმინდა სოფლის ცენტრალური არხი (კვირიის ხევი). შარშანვე მოპირკეთდა ჟებოტა - ძებნიაურები - თეგერაანები - ლელოვნის დამაკავშირებელი გზა.

სოფელში შემოსასვლელი ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ეზოებს საგრძნობლად აზიანებს მომთაბარე პირუტყვი. გასულ წელს შევიძინეთ მავთულხლართი მათგან დასაცავი ერთიანი ღობის გასაკეთებლად. ეს მასალა დასაწყობებული გვაქვს და მალე დავიწყებთ შეღობვას.

ერთი კვირის წინ წყლის ძველ მაგისტრალზე, რომლითაც გოჯიაანებიც სარგებლობს, დავაერთეთ ჩვენი ახალი სათავე ნაგებობიდან მომავალი წყლის მილები, რითაც გამოვრიცხეთ წყლის გაჟონვა და წყალგაყვანილობაში მდინარის წყლის შემოდინება.“



ინგა ჩიტაური

გაზეთი ''თიანეთის მომავალი'' #31
საქველმოქმედო აქცია თიანეთში 15 ნოე, 2016
14 ნოემბერს, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.(ა).ი.პ ...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 3 აგვ, 2016
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ...
თიანეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან 6 ივლ, 2016
5 ივლისს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. დაზარალებულია სინომიანთხევის, ღულელების, ხევსურთსოფლისა და ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბიზნესის წამოწყების მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ ⬇ ⬇ 29 ივნ, 2016
27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე ...
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოფიციალური ვიზიტით ქ.კიევში იმყოფებოდა 24 ივნ, 2016
✈ 21-23 ივნისს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი უკრაინის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ლელა ქართველ ...
თიანეთში ველოტური გაიმართება 23 ივნ, 2016
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის ...
თიანელი ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებისთვის 21 ივნ, 2016
21 ივნისს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, თიანელი ახალგაზრდებისთვის მარათონი გაიმართა. ...
თიანეთის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს 14 ივნ, 2016
სურსათის ეროვნული სააგენტო თიანეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს სინჯების ...
ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია- ინტერვიუ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან სიმონიანთხევის, ნაქალაქრის, ახალსოფლის და ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულებში 10 ივნ, 2016
ვაგრძელებთ გაზეთის წინა ნომერში დაწყებულ გამგებლის წარმომადგენლებთან ჩაწერილი საუბრების შემოთავაზებას. ჩვენი კითხვები შეეხებოდა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით