მთავარი გვერდი
სახალხო დღესასწაული "ხვარამზეობა" 18 სექ, 2013
15 სექტემბერს,თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არტანში სახალხო დღესასწაული „ხვარამზეობა 2013“ გაიმართა. ფოლკლორის ზეიმი პოეტ ქალთა კონკურსის შედეგების გამოცხადებით დასრულდა, ჩვენი დროის ხვარამზებმა სამი ძირითადი და კიდევ უამრავი სპეციალური პრემია მიიღეს, წელს გრან-პრი არ გაცემულა.

„ხვარამზეობა ქართული პოეზიის ზეიმია“, - გვითხრა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა.

„ეს დღე ფშაველი და, საერთოდ, ქართველი ქალის თავისუფალი სულის გამოხატულებაა“, - ამბობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამილა გოგოლაური.



ამბავი ხვარამზეს სიყვარულისა



„ვერცხლის თასადამც მაქცია, რო ღვინით აგევსებოდი,

დაფერილი მქნა წითლადა, შამსვამდი, შაგერგებოდი“, - საქართველოში ბევრს წაუკითხავს „ხვარამზეს ლექსი“, მაგრამ ალბათ ბევრმა არც მისი მთქმელის ვინაობა იცის, არც ამ ლექსის ისტორია და არც იმ სიყვარულის ამბავი, ამ ლექსამდე რომ იყო.

ილია ჭავჭავაძეს „ხვარამზეს ლექსი“ საგურამოში ერთი ფშაველი მელექსე ქალის, ბაბალე მინდოდაურისგან ჩაუწერია, შემდგომში დადგენილა, რომ ლექსის ავტორი იყო ასევე ნიჭიერი ფშაველი პოეტი - ხვარამზე სამუკაშვილი. სამუკაშვილი ხვარამზეს ქმრის გვარია, მისი გვარი ზუსტად ცნობილი არ არის.

„ხვარამზე სიყვარულმა აქცია პოეტად და შემდეგ პოეზიით თავისი სიყვარული გააუკვდავა“, - წერს ნოდარ შამანაძე ერთ-ერთ სტატიაში.

მას შემდეგ ლამის ორი საუკუნე გავიდა, ივრის ხეობის სოფელ სხლოვანაში სახლობდნენ ხვარამზე და ფხიკლეთ ბარბარე (გულქანი) - ვაჟა ფშაველას დედა. ისინი ტოლნი და დობილნი ყოფილან, ერთად დადიოდნენ სამწყემსურში, ჟოლოს თუ შალშავის საკრეფად, ერთად ქსოვდნენ წინდებს და საფუხრებს.

(ბარბარე ჩარგალში გათხოვილა) ხვარამზესაც ხოშარელი ვაჟიკა შეყვარებია, ტრფობა მოსდებია ვაჟიკასაც, მაგრამ ოჯახები წასულან მათი სიყვარულის წინააღმდეგ. თამილა გოგოლაურის განმარტებით, ქალ-ვაჟი, სავარაუდოდ, ერთი - გაბიდაურთა თემის შთამომავალნი იყვნენ, ტრადიცია კი ასეთ შემთხვევაში მათ დაქორწინებას უკრძალავდა. ვაჟიკას სხვა ქალი შეურთავს, ზოგი მოსაზრებით, მამის მეგობრის შვილი, რომელზეც ბავშვობაშივე დაუწინდავთ. ვაჟი ოჯახის გადაწყვეტილებას ვერ შეწინააღმდეგება.

ხვარამზეც არტანში, გოდერძაულთა თემისჩამომავალ სამუკაშვილზე გაუთხოვებიათ. ხვარამზე თავის სიყვარულის ერთგული დარჩენილა მაინც და ეს სიყვარული ლექსებში გადაუტანია. ფიზიკური მორჩილება პიროვნული თავისუფლების ბორკილად არ უქცევია.

რამდენი ქალი წასულა ამ ქვეყნად გაუმართლებელი სიყვარულით, მაგრამ ყველას არ ჰქონია ამ სიყვარულის უკვდავყოფის ნიჭი - „ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა?“.

ერთ მშვენიერ დღეს ვაჟიკა ცხენით მიდიოდა ხვარამზეს სოფელში, ალბათ გულში ეწადა, მაგრამ სისუსტეში რომ არ ჩაეთვალათ, არც შეუმჩნევია და არც გაუხედავს ქალის სახლისკენ. ქალსაც მხოლოდ ის დარჩენოდა ნაწვიმარში სატრფოს ცხენის ნაფეხურებისთვის ფოთლები და ტოტები მიეფარებინა და ასე შეენახა კაც-ძროხის ფეხისგან.

ხვარამზე საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვლილა.

მას მერე რამდენ ქალს წაუკითხავს „ვერცხლის თასადაც მაქცია“. რამდენი ხვარამზე დადის დღესაც საქართველოში.



ხვარამზედან ხვარამზეობამდე

რამდენიმე წლის წინ ორ ფშაველ ხელოვან ქალს თეონა ქუმსიაშვილსა და მარიამ ხუცურაულს გასჩენიათ იდეა ხვარამზეობის ჩატარებისა. თეონა ამ იდეის განხორციელებას ვეღარ მოესწრო. ისაც, როგორც ერთ-ერთი ხვარამზე ისე შერჩება ისტორიას: მთის, ვაჟისა და შვილების სიყვარულს შეწირული ხელოვანი ქალი.

კავშირ „ჩვენი ფშავისა“ და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით წელსაც ჩატარდა ფოლკლორის ზეიმი - ხვარამზეობა 2013.

კვირას, 15 სექტემბერს, თიანეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წირვის შემდეგ ხვარამზეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. შემდეგ სტუმრებმა სხლოვანასა და არტნისკენ გადაინაცვლეს. სხლოვანაში იმ ქალთა ნასახლარებიც აღარ არის თითქმის შემორჩენილი. დაცლილია სოფელი.

არტანშიც სტუმარ-მასპინძელმა იმ სკოლის ეზოში მოიყარა თავი, რომელსაც აგერ უკვე 7 წელია სასწავლებლის ფუნქცია დაკარგული აქვს. ეს წლებია აღარ ირეკება პირველი ზარი, რადგან სოფელში ბავშვები არ არიან. ბოლო 2-3 ბავშვის მშობლებმა თიანეთში ამჯობინეს საცხოვრებლად გადასვლა. სოფელში 60-მდე კომლია და აქედან ნახევარიც აღარ რჩება ზამთარში.

ლიტერატურულ კონკურში „ხვარამზე 2013“ მხოლოდ პოეტ ქალებს შეეძლოთ მონაწილობის მიღება, მათ 15 ივნისიდან 1 აგვისტომდე საკონკურსოდ უნდა გაეგზავნათ სამი გამოუქვეყნებელი ლექსი.

უნდა გაცემულიყო 4 ძირითადი (მესამე, მეორე, პირველი და გრან-პრი) და კიდევ არაერთი ორგანიზაციისა თუ კერძო პირის მიერ დაწესებული პრემია.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: თამილა გოგოლაური (თავმჯდომარე), ვაჟა ხორნაული, გიორგი ლობჟანიძე, გიორგი საჯაია და შადიმან შამანაძე პირველი ტურის შემდეგ 15 მონაწილე შეარჩია, უფრო ზუსტად 15 ლექსი, რადგან მათ არც იცოდნენ რომელი ლექსის უკან რომელი ავტორი იდგა: ყველას უბრალოდ ნომერი ჰქონდა მინიჭებული. ერთადერთი მონაწილე, რომლის ამოცნობა არ გაუჭირდა ჟიურის, ეთერ თათარაიძე აღმოჩნდა.

„მე მთის ქალი ვარ და რატომ არ უნდა მიმეღო მონაწილეობა კონკურსში?“, - თქვა შემდეგ ეთერმა, ჟიურიმ კი გადაწყვიტა, რომ ის კონკურსგარეშე ყოფილიყო.

კონცერტისა და ლექსების კითხვის შემდეგ, როგორც იქნა, დადგა კონკურსის შედეგების გამოცხადების დრო.

მესამე ადგილი დაიმსახურა და სხვა საჩუქრებთან, ფულად პრემიასთან ერთად თეთრი ყვავილების გვირგვინი დაადგეს კოლხეთის ასულსა და არტნელების რძალს - მაია მიქაიას ლექსისთვის „შურიმშინე“ (გენაცვალე). მეორე ადგილი დაიკავა ნინო გუგეშაშვილმა ლექსისთვის „ბახოს ხარები“, წლევანდელი „ხვარამზე 2013“-ის გამარჯვებული კი ისევ ლელე ცუცქირიძე გახდა ლექსით „სინამდვილეში კი“.

პირველ-მეორე ადგილების მფლობელები, სამწუხაროდ, არ იყვნენ არტანში, სხვა პრიზები გადაეცათ სხვა ქალბატონებს: თაკო ლომიძეს, მარიამ წიკლაურს, მაია მიქაიას, ლელა გაბურს, ეკა დონდუას, მაგდანა ბებიაშვილს...

წელს გრან-პრი არ გაიცა, ეს პრიზი რომელიც საქართველოში მყოფმა ნორვეგიელმა ლიტერატორებმა დააწესეს საკუთარი პირადი შემოწირულობებიდან, მომავალი წლის ფონდში გადავა.

ხვარამზეობა ერთი წლით დაემშვიდობა ხვარამზეებსა და მკითხველებს. საღამოს დაცარიელდა უბავშვებოდ და უსტუმრებოდ დარჩენილი სკოლის ეზოც. ისევ მიჩუმდა სოფელი, სოფელი, რომელსაც უსახელოდ წასული დიდი პოეტი ქალი ახსოვს თავისი დიდი სიყვარულით.

მთავარი ის არის, რომ ამჯერად კონკურსი და ზეიმი შედგა.

„ხვარამზეობა ქართული ლექსის დღესასწაულია, ქართველი ქალის სულის ამოძახილი“, - გვითხრა საღამოს დასასრულს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა.

აუქციონი 10 ოქტ, 2013
თიანეთის მუნიციპალიტეტი, პრივატიზების მიზნით, აცხადებს ელექტრონულ აუქციონს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებაზე: ლოტი #1 ავტობუსი პაზ-32054 ...
საქართველოს პირველობა გუნდურ ჭიდაობაში 1 ოქტ, 2013
30 სექტემბერს,14:00 საათზე თიანეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა გუნდური ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 7 გუნდი საქართველოს სხვადასხვა ...
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის კვირეულს ატარებს 30 სექ, 2013
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (28 სექტემბერი) 25 სექტემბრიდან ძაღლებისა და კატების ცოფის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ...
დეკანოზ თავმას ჩოხელის ლექსების ახალი კრებულის პრეზენტაცია 23 სექ, 2013
კვირას,22 სექტემბერს 13.00 საათზე,თიანეთის კულტურის სახლში გაიმართა დეკანოზ თავმას ჩოხელის ლექსების ახალი კრებულის ,,მამის იავნანა" (სიყვარულის წიგნი) პრეზენტაცია.წიგნში ...
დაბა თიანეთის N52 სასპორტო სკოლის რეაბილიტაცია 12 სექ, 2013
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შ.პ.ს. „სტილექსს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 38/1 ხელშეკრულების შედეგად, დაბა თიანეთში N 52 სასპორტო ...
თიანეთი-ზარიძეების-ჟინვალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო 5 სექ, 2013
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეების-ჟინვალის საავტომობილო გზის,თიანეთი-ზარიძეების (კმ1-კმ9) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ...
დახმარება სტიქიით დაზარალებულებს. 27 აგვ, 2013
2013 წლის 6 ივნისის სტიქიის შედეგად თიანეთის რაიონის ხუთ სოფელში, ზარიძეებში, ჯიჯეთში, იარაჯულებში, ვერხველში და ბოდახევში ზარალმა 900 ათასი ლარი შეადგინა. აქედან, ...
საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია 27 აგვ, 2013
საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია. 2013 წლის 12 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და ...
თიანეთობა 2013 19 აგვ, 2013
დაბა თიანეთში,ვაჟა-ფშაველას კულტურისა და დასვენების პარკში, 10 აგვისტოს, ტრადიციულად აღინიშნა საერთო სახალხო დღესასწაული - „თიანეთობა 2013“. ღონისძიება მთელი დღის ...

თიანეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით